ს ა ს

საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება

მანიფესტი

ბოლო ათწლეულებში საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის პირობებში, სადაც სამშენებლო სფეროს უსისტემო განვითარებამ ნორმალიზებული ფორმა შეიძინა, არქიტექტურა და მისი მომიჯნავე დარგები ამ ნეგატიური პროცესების შემსრულებელ და ხელშემწყობ ინსტრუმენტებად იქცა.

გაუმართავმა რეგულაციებმა არქიტექტორები უუფლებო მდგომარეობაში ჩააყენა. წლების განმავლობაში პროფესია კარგავს საზოგადოებრივ მნიშვნელობას და სოციალურ პასუხისმგებლობას.

არქიტექტორებისთვის ამ დრომდე არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც განიხილება სფეროში მიმდინარე პროცესები და პრობლემები. მაგ.: სახელმწიფო ტენდერებისა და კონკურსების ჩატარების არსებული მანკიერი პრაქტიკა; კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები; პროფესიული სტანდარტის არარსებობა და ა.შ.

დარგის სპეციალისტთა აზრი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ არქიტექტურულ და ურბანულ პროცესებთან დაკავშირებით ამ დრომდე გაუთვალისწინებელი რჩება;

არ არსებობს ორგანიზებული პროფესიული საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთან არქიტექტორების, ურბანისტების და დარგის სხვა სპეციალისტების ინტერესებს დაიცავს;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარგის განვითარებისთვის პასუხისმგებლობის გააზრებით და საერთო საარსებო გარემოს დაცვის მიზნით, გაჩნდა აუცილებლობა შეიქმნას სფეროს წარმომადგენელთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

თანამედროვე არქიტექტურასა და სამშენებლო სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ყალიბდება “საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება” და მისი წევრები ვერთიანდებით შემდეგი მიზნების გარშემო:

 

  1. დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანების დაფუძნება, რომელიც დაიცავს სფეროში მოღვაწე სპეციალისტების უფლებებს; შექმნის სადებატო და კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის საჭირო პლატფორმას; ხელს შეუწყობს სფეროში არსებული გამოწვევების გარშემო პროფესიული საზოგადოების გაერთიანებას;

     

  2. სახელმწიფო განკარგულებების და სამშენებლო კანონპროექტების განხილვა, კორექტირება ან ახლის ინიცირება; მათი დანერგვა/აღსრულების საკითხში აქტიური ჩართულობა; სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

     

  3. სახელმწიფო ტენდერებისა და კონკურსებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და გაუმჯობესებული სტანდარტის შემუშავება;

     

  4. საგანმანათლებლო, მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა; პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

     

  5. არქიტექტურის და ურბანისტიკის სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვა; არქიტექტორის, ურბანისტისა და დარგის სხვა სპეციალისტების როლის გაძლიერება საზოგადოებაში.

22 ივლისი. 2024



წევრობის მსურველთა ფორმა

პროფესიონალებისთვის

წევრობის მსურველთა ფორმა

სტუდენტებისთვის